სიახლეები

2024 წლის ევროკავშირის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რეგისტრაცია იწყება!

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით სტუდენტებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და კონსტიტუციითაა გარანტირებული. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქვეყნის მისწრაფება ოფიციალურად გამყარდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.

აღნიშნული პროცესის წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას საზოგადოების ჩართულობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაციის, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდისა და ასევე, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროცესთან დაკავშირებული იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ხელშეწყობით ხორციელდება ევროკავშირის სამართლის ყოველწლიური იმიტირებული პროცესი.

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები


შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა,  ასევე, შესაძლებელია გუნდი დაკომპლექტდეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან.

 

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წევრისგან. გუნდის წევრს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, წინა წლების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული პროცესის ზეპირ ეტაპზე.

შეჯიბრის ეტაპები

 

I ეტაპი: სარეგისტრაციო ფორმის შევსება;

II ეტაპი: წერილობითი პოზიციის წარმოდგენა (დარეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ საქმე და მიეცემათ დრო წერილობითი პოზიციის მოსამზადებლად);

III ეტაპი: ტრენინგები ევროკავშირის სამართლის თემატიკაზე(ლექცია/ტრენინგი ევროკავშირის სამართალში 8 შერჩეული გუნდისთვის ჩატარდება წერილობითი პოზიციის წარმოდგენის შემდგომ დარგის ექსპერტების მიერ);

IV ეტაპი: შესარჩევი რაუნდი (მოცემულ ეტაპზე მონაწილეობს 8 გუნდი);

V ეტაპი: ფინალური ეტაპი (ფინალური რაუნდი ორი ნაწილისგან შედგება: ნახევარფინალი და ფინალი. ნახევარფინალის ეტაპზე გადასული 4 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა საუკეთესო 2 გუნდი).

შეჯიბრის ენა: ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

 

ღონისძიების ჩატარების ადგილი

ზეპირი რაუნდები ჩატარდება იუსტიციის სასაწავლო ცენტრში ქ. ყვარელში. უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა ტრანსპორტირება (მათ შორის რეგიონებიდან) და სასტუმროში განთავსება.

 

შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდებიან შემდეგი სახის გამარჯვებულები:

  • ფინალში გამარჯვებული გუნდი;
  • საუკეთესო წერილობითი დოკუმენტის ავტორი გუნდი;
  • საუკეთესო მომხსენებელი.

 

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2024 წლის 17 მარტისა (23:59 სთ.)

 

დარეგისტრირდით!

 

შეჯიბრის წესები

 

პროექტის ვადები:

 

1. 2024 წლის 6მარტი– 17 მარტი 23:59 სთ. - გუნდების რეგისტრაცია;

2. 2024 წლის 18 მარტი - დარეგისტრირებული გუნდებისთვის მოსამზადებელი კაზუსის გადაგზავნა;

3. 2024 წლის 18მარტი - 17 აპრილი23:59 სთ. - დრო კაზუსის დამუშავებისა და წერილობითი პოზიციის წარმოდგენისთვის;

4. 2024 წლის 24 აპრილი - 8 საუკეთესო გუნდის გამოვლენა;

5. 2024 წლის 24 აპრილი  - 17 მაისი - დრო ზეპირი ეტაპისათვის მოსამზადებელად;

5. 2024 წლის 17 მაისი - გამგზავრება ქ. ყვარელში და შესარჩევი რაუნდი 8 საუკეთესო მონაწილე გუნდისთვის;

6. 2024 წლის 18 მაისი - ნახევარფინალური ეტაპი 4 საუკეთესო მონაწილე გუნდისთვის;

7. 2024 წლის 18 მაისი - ფინალური ეტაპი 2 საუკეთესო მონაწილე გუნდისთვის;

8. 2024 წლის 19 მაისი - გამომგზავრება ქ. ყვარლიდან.

შენიშვნა: შესაძლოა ტრენინგის თარიღები მოდიფიცირდეს, რის შესახებ მონაწილე გუნდებს ეცნობებათ წინასწარ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

 

მარიამ ჭილაშვილი (+995) 511 33 16 77; legaltrainings@tcj.gov.ge