სიახლეები

სახელმწიფო სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების თანამშრომლებისთვის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანია საჯარო დაწესებულებებში მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ერთიანი სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა.
 
კვლევის მეთოდოლოგიებისა და მონაცემთა შეგროვება-დამუშავების სპეციფიკების გაცნობა, საჭირო რესურსებისა და კვლევის პერიოდულობის განსაზღვრა, აუცილებელი და სარეკომენდაციო კვლევების შეთავაზება და ტექნიკურ-პროგრამული ცოდნისა და უნარების გადაცემა - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც ტრენინგი მოიცავდა.
 
სახელმწიფო სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება მომხმარებელთა კმაყოფილების დინამიკაზე დაკვირვებისთვის და სერვისების შემდგომი გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.
 
ტრენინგ-მოდული და სახელმძღვანელო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პარტნიორობით შეიქმნა პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
 
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა „სახელმწიფო სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის“ სასწავლო მოდული მიმდინარე წლის ნოემბერში გადმოიბარა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიმართულებით 11 ტრენერია მომზადებული. ოთხდღიან, ონლაინ ჩატარებულ სამ ტრენინგზე კი სხვადასხვა სახელმწიფო  ორგანიზაციის 45 თანამშრომელი გადამზადდა.