„თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთობლივი სამართლის სამაგისტრო პრაქტიკული პროგრამა“
სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ 2026-2027 წლების გაზაფხულის სემესტრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ორ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას დანერგავს.
1. მიწის სამართალი;
2. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.
პრაქტიკული სასწავლო პროგრამები ემსახურება მაგისტრანტების საჯარო დაწესებულებების საქმიანობაში ჩართვას, მათი პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. აღნიშნული ინიციატივა, თავის მხრივ, უკავშირდება სახელმწიფოში განხორციელებულ განათლების რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამების დახვეწას, პრაქტიკული კომპონენტების გაუმჯობესებას, სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
შესაბამისად, პრაქტიკული პროგრამების დანერგვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემას საშუალებას მისცემს, დაასაქმოს პერსპექტიული სტუდენტები და გაძლიერდეს ახალი, მაღალკვალიფიციური კადრებით. პროგრამების განხორციელებას აგრეთვე მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებები.
მიწის სამართლის პრაქტიკული პროგრამის ამოცანაა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა მიიღონ გამოცდილება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანერგილი პროცესების შესახებ. კერძოდ, მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ ცოდნა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის პროცედურების, სამართლებრივი შედეგების, ამ მიმართულებით წარმოებული რეესტრების შესახებ. პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტები გაეცნობიან და უშუალოდ ჩაერთვებიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაში.
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმების პრაქტიკული პროგრამა სისხლის სამართლითა და მომიჯნავე საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებს, ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხებს. პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტები გაეცნობიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს, ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობას.
ორივე პროგრამა წარიმართება ინტენსიურად ერთი სემესტრის განმავლობაში და მოიცავს 18 კრედიტს. თითოეული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ასევე იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და პროგრამის მხარდამჭერი საჯარო დაწესებულების მენტორებთან, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია შესაბამის სფეროში საქმეთა განხილვასა თუ გადაწყვეტილებების მიღებასთან.
აღნიშნული ორი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მომდევნო აკადემიური წლისთვის ასევე იგეგმება ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ პრაქტიკული პროგრამის შექმნა.
