სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „ილია ჭავჭავაძე 189“
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სამეცნიერო კონფერენციის - „ილია ჭავჭავაძე 189“ - დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა
„ილიაობა 2026-ის“ ფარგლებში, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის - „ილია ჭავჭავაძე 189“ - დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ქალაქში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სივრცემ სიმბოლურად გააერთიანა ილიას იდეები, მემკვიდრეობა და ახალგაზრდების სამეცნიერო მისწრაფებები, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცენტრის მნიშვნელოვან როლს რეგიონში ცოდნისა და განათლების მხარდაჭერის საქმეში.
გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული ათი სტუდენტი, რომლებსაც წარმატება მიულოცეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, გვანცა ვარამაშვილმა. მათ ახალგაზრდებს საჩუქრები გადასცეს და აღნიშნეს, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებს.
გამარჯვებულებს ასევე საჩუქრები გადასცეს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და ყვარლის მერმა, ილია მზექალაშვილმა.
კონფერენციის შედეგები შეაჯამა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დარეჯან თვალთვაძემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
