იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზბეკეთში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს იურისტთა სასწავლო ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაშკენტში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს იურისტთა სასწავლო ინსტიტუტის დირექტორმა ესემურატ კანიაზოვმა მოაწერეს.
დოკუმენტის მიზანია ორ დაწესებულებას შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პარტნიორობა, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მომზადება-სერტიფიცირების პროცესის დახვეწას, ექსკლუზიური კურსებისა და ჰიბრიდული ლექციების ორგანიზებას.
მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი ინიციატივები და მომავალი სასწავლო ვიზიტები ორ ქვეყანას შორის აკადემიური და პროფესიული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდა უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია.
