ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2026

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი 2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზაციული მხარდაჭერით უკვე მერვე წელია, ტარდება ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რაც ევროკავშირის სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართალში და დაეუფლონ საპროცესო უნარ-ჩვევებს.

იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს.

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი შედგება წერილობითი და ზეპირი ეტაპებისაგან. გუნდების რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები ევროკავშირის სამართალში. შემდგომ ეტაპზე მონაწილეებს გადაეგზავნებათ კაზუსი, რომელზეც გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინონ წერილობითი პოზიციები. საუკეთესო წერილობითი პოზიციის მქონე რვა გუნდი მონაწილეობას მიიღებს  ზეპირ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.  სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცემათ  საჩუქრები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!

პროექტის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში ევროკავშირის სამართლისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და პროცესუალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

შეჯიბრებაში მონაწილეობის კრიტერიუმები

შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია, დარეგისტრირდეს ერთი ან რამდენიმე გუნდი;  ასევე, შესაძლებელია, გუნდი დაკომპლექტდეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან.

გუნდი უნდა შედგებოდეს, მინიმუმ, ორი და, მაქსიმუმ, ოთხი წევრისგან. გუნდის წევრს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წინა წლების ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირ ეტაპზე.

ღონისძიების ჩატარების ადგილი და ორგანიზება

ზეპირი რაუნდები ჩატარდება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

მონაწილეთა თბილისის სასწავლო ცენტრიდან ტრანსპორტირება, კვება და სასტუმროში განთავსება უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორთა მხრიდან. 

შეჯიბრების საპრიზო კატეგორიები

შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი;

მეორე ადგილზე გასული გუნდი;

საუკეთესო წერილობითი პოზიციების ავტორი გუნდი;

საუკეთესო მომხსენებელი.

სამუშაო ენა

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლა, წარიმართება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრებისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა თუ წყარო და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2026 მიმდინარეობა

28 თებერვლის ჩათვლით - გუნდების რეგისტრაცია;

2 მარტი - დარეგისტრირებული გუნდებისთვის კაზუსის გადაგზავნა;

9 მარტი - დამაზუსტებელი კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

16 - 30 მარტი - თემატური ტრენინგები ევროკავშირის სამართალში;

16 აპრილის ჩათვლით - წერილობითი პოზიციების წარმოდგენის საბოლოო ვადა;

27 აპრილი - რვა საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი გუნდის გამოვლენა;

11 მაისი - გამგზავრება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში;

12-13 მაისი - ევროკავშირის სამართლის იმიტირებული პროცესის ზეპირი ეტაპი;

13 მაისი - გამარჯვებულების დაჯილდოება; გამომგზავრება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან.

შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfWm8JzCz4gxzH4kzA0eb-ZVy5v0Bcc7VqygbmkRuQTB3Tl5Q/viewform?usp=header

შეჯიბრების წესები:

https://drive.google.com/file/d/1Rg1DFqvF4AMlvL0nOkFZZgVWGcKzm0oi/view?usp=sharing

შენიშვნა: აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შეჯიბრების თარიღები შეიცვალოს, რის შესახებაც მონაწილე გუნდებს ეცნობებათ წინასწარ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

legaltrainings@tcj.gov.ge

 

ხელმისაწვდომობის მენიუ