სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნათია ლაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ სესიაში - „სამართლის სფეროს წარმომადგენელთა შესაძლებლობების განვითარება“.
სესიაზე ნათია ლაპიაშვილმა სომეხ კოლეგებს სისტემის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების მიმართულებით იუსტიციის სასწავლო ცენტრის გამოცდილება გაუზიარა. განხილვისას გამოიკვეთა საქართველოსა და სომხეთს შორის სასწავლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების, სასწავლო მოდულებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ფორუმის თემატურ სესიებზე მონაწილეებმა იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები - ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე, საქართველოსა და სომხეთის გენერალური პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები.
