საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა აფრიკული ქვეყნების საჯარო მოხელეებს საქართველოს რეფორმები გააცნეს
საქართველოს გლობალური როლის გაძლიერებისა და პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მიმდინარეობს ახალგაზრდა საჯარო მოხელეების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ განხორციელება.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებისათვის საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება კონკრეტულ სფეროებში.
ამჯერად, პროგრამაში მონაწილე 22 ახალგაზრდა საჯარო მოხელეს აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში „თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიმართა ტრენინგები თემაზე: „კარგი მმართველობა, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა“, „სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და ციფრული მმართველობა“, „ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“.
შეხვედრებს უძღვებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტისა და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
