იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და სსიპ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
 
მემორანდუმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოთხი რეგიონის – იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის – მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა გადამზადებას.

ღონისძიების ფარგლებში, უკვე გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა აღნიშნული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც ტრენინგსაჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მემორანდუმის მიზანია, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, მათ შორის, საგრანტო პროექტების ფარგლებში, ახალგაზრდა თაობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა.

ხელმისაწვდომობის მენიუ