იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო სამართლებრივი ტრენინგების პროექტის ფარგლებში 270 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ
საგანმანათლებლო კვირეული 9 განსხვავებულ სასწავლო მოდულს აერთიანებდა. ტრენინგები დაეთმო ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართლის პრაქტიკული ასპექტები, მედიაცია, საგადასახადო სისტემა, მომხმარებელთა უფლებები, საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობები.
გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს სისხლის სამართლის შემდეგი თემები: გამომძიებლისა და პროკურორის როლები, ნაფიც მსაჯულთა მნიშვნელობა. კვირეული დასრულდა ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხების ანალიზით.
სასწავლო პროგრამები ორიენტირებული იყო, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ისე, პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
ტრენინგებს უძღვებოდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სამართლის კლინიკის ტრენერები.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი მსგავსი ინიციატივებით აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას.
