ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სამართლებრივი დაცვის ფუნქცია ავალდებულებს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ორგანოებს შეამოწმონ ადმინისტრაციულ ორგანოთა მმართველობითი ფუნქციების კანონთან შესაბამისობა. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველი სასამართლო ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების გამოტანის გზით ახორციელებს ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე კონტროლს ანუ ადმინისტრაციულ ორგანოთა მმართველობითი ფუნქციების განხორციელების პროცესში წარმოშობილი / შექმნილი / განხორციელებული საქმიანობის სამართლებრივი ფორმების კანონიერების შემოწმებას. როგორც ცნობილია ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო ინტერესის დაცვას, რაც ხაზს უსვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი პოზიცია სასამართლოში. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ, კვალიფიციურად განახორციელონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები. ტრენინგი შეეხება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი საკითხების მიმოხილვას; ადმინისტრაციულ საქმეთა უწყებრივ ქვემდებარეობისა და განსჯადობის საკითხის სწორ და ეფექტური გადაწყვეტას; საპროცესო დოკუმენტების გამართულად შედგენას.

ტრენინგის მიზანია  ტრენინგის მონაწილეების პროფესიული ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება სასამართლო დავებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისას.  

ტრენინგის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს ექნებათ როგორც თეორიული ცოდნა ასევე პრაქტიკული ცოდნა არსებული ადმინისტრაციული საპროცესო რეგულაციების შესახებ. კერძოდ, ტრენინგის მონაწილეები გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას და შეიძენენ საპროცესო დოკუმენტების შედგენის  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის ძირითადი თემები:   

  • ადმინისტრაციული სამართალწარმოების სტადიები: უწყებრივი ქვემდებარეობა და განსჯადობა; განსჯადობის განსაზღვრის კრიტერიუმი;
  • ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა;
  • მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში; მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში;
  • სარჩელის ფორმა და შინაარსი;  გამარტივებული სამართალწარმოება; დაჩქარებული სამართალწარმოება; სარჩელის ტრანფორმირება; სარჩელის მიღება; სარჩელის დასაშვებობის შემოწმება; სარჩელის დასაბუთებულობის დადგენა; სარჩელი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე; დასაშვებობის საკითხები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება; სარჩელი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე: დასაშვებობის საკითხები და სარჩელის დასაბუთებულობის დადგენა;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელების გამიჯვნა;
  • სარჩელი ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე: დასაშვებობის საკითხები და სარჩელის დასაბუთებულობის დადგენა; აღიარებითი სარჩელი; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ სარჩელის დასაშვებობის საკითხები და სარჩელის დასაბუთებულობის დადგენა; უფლების დაცვის დროებითი საშუალება;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლო ფორმების (სარჩელისა და შესაგებლის) შედგენა; ადმინისტრაციული სამართალწარმოება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში; სააპელაციო საჩივრის შეტანა; სააპელაციო საჩივრის შინაარსი;
  • საკასაციო საჩივრის დასაშვებობა; საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობები (ფორმალური დასაშვებობა); საკასაციო საჩივრის შინაარსი;   სასკ-ის      34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები; გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს სასამართლოში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საკონტაქტო საათი.