ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

თანამედროვე სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით, თუმცა, აღნიშნული უფლებები და თავისუფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის. ხშირად სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის გარდაუვალი ხდება ხელისუფლების მიერ, ამა თუ იმ უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა. იმისთვის, რომ შეზღუდვა ჩაითვალოს გამართლებულად და არ დაარღვიოს რომელიმე კონსტიტუციური უფლება ან თავისუფლება, ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის ტესტს. ამდენად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა სათანადო კვალიფიკაცია და მომზადება, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, არის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილი რეალიზების წინაპირობა. ქვეყნის ძირითადი კანონით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების ხარისხი, ასევე, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, რამდენად აქვთ ცოდნა მოქალაქეებს საკუთარი უფლებებისა და მათი ეფექტიანი დაცვის მექანიზმების თაობაზე.

ტრენინგის მიზანია მსმენელებს გააცნოს ადამიანის უფლებების სფერო, გაუღრმაოს ცოდნა, ან, უბრალოდ, შეიქმნას წარმოდგენა „საქართველოს კონსტიტუციით“ გარანტირებული კონკრეტული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე, მათი დაცვის კონსტიტუციური გარანტიების თაობაზე; გააცნოს მათ ამ მიმართულებით საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უახლესი ცვლილებებით შემოათავაზებული სიახლეები და განუმარტოს მსმენელებს მათი მნიშვნელობა; განუმტკიცოს ის ჩვევები და უნარები, რაც დაკავშირებულია ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებებისა და პრინციპების - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ხელისუფლებათა დანაწილების, მათი ურთიერთშეკავების,  ურთიერთგაწონასწორებისა და დაბალანსების, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევისა და კანონით ბოჭვის და მათი ურთიერთიმართების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებასთან.

ასევე, ტრენინგის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს:

ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე სამართლებრივად მართებული მსჯელობა, სფეროში დამკვიდრებული ძირითადი ტერმინების პრაქტიკაში ადეკვატური გამოყენება;

„საქართველოს კონსტიტუციით“ გარანტირებული თითოეული ძირითადი უფლებითა და თავისუფლებით დაცული სფეროს განსაზღვრა, აგრეთვე, დაცულ სფეროში ჩარევის იდენტიფიცირება და თანაზომიერების პრინციპის ტესტით შეფასება, აქვს თუ არა ადგილი უფლების დარღვევას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ადამიანის უფლებათა სამართლის თეორია
  • ადამიანის უფლებათა კლასიფიკაცია;
  • ადამიანის უფლებები წარმოშობის დროის მიხედვით;
  • პოზიტიური და ნეგატიური უფლებები;
  • აბსოლუტური და შეფარდებითი უფლებები;
  • ძირითადი (კონსტიტუციური) და წარმოებული უფლებები;
  • ადამიანის უფლებები საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროს მიხედვით;
  • ადამიანის უფლებები პიროვნების პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის მიხედვით.ადამიანის უფლებები უფლებების მატარებელი სპეციალური სუბიექტის მიხედვით;
  • ადამიანის უფლებების წახალისება და დაცვა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო მექანიზმები;
  • საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
  • ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ტრენინგზე მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.