პროექტი „ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობა საქართველოს საჯარო სკოლებში“ -„უფლებათა სკოლა"
„უფლებათა სკოლა“ არის სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ინიციატივა, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. „უფლებათა სკოლის“ მიზანია საჯარო სკოლებში ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმირების ზრდა. პროექტი გამორჩეულია, როგორც შინაარსობრივი, ასევე მასშტაბების გათვალისწინებით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:
- ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანის უფლებების სწავლების კარგი პრაქტიკის შესახებ კვლევა (ამოცანა 1).
- სასწავლო მოდულის შემუშავება ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიის საკითხებზე სკოლის მასწავლებლებისთვის (ამოცანა 2).
- სასწავლო მოდულის შემუშავება ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისთვის (ამოცანა 3).
- საჯარო სკოლებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ არჩევითი საგნის შემუშავება (ამოცანა 4).
- ადამიანის უფლებათა სწავლების პოლიტიკის ჩარჩოს შექმნა იუსტიციის სასწავლო ცენტრისთვის (ამოცანა 5).
- 80 შვიდსაათიანი ტრენინგის ჩატარება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს 1200 მასწავლებელი (ამოცანა 6).
- 358 სამსაათიანი ტრენინგის ჩატარება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებშიც მონაწილეობა შეეძლება 7010 მოსწავლეს (ამოცანა 7).
- ტრენინგებში მონაწილეთა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება მიღებული ცოდნის და უნარების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით (ამოცანა 8).
პროექტის გახსნის სავარაუდო თარიღია 2024 წლის 25 სექტემბერი, 13:00 საათი (პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი).
პროექტის მნიშვნელოვანი ინდიკატორები
80 ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 1200 მასწავლებლისთვის.
358 ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 7010 მოსწავლისთვის.
არჩევითი საგანი საჯარო სკოლებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ.