გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროგრამა

 

2021 წლის პირველ აპრილს ძალაში შევიდა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონი. კანონმა შემოიტანა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესია, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ფუნქციებს შეასრულებს.

კანონის  ძალაში შესვლასთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანებით დარეგულირდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და პირობები. ხსენებული ბრძანების მიხედვით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სერტიფიცირების პროგრამის წარმატებით გავლა.

სერტიფიცირების პროგრამა ორი საფეხურისგან შედგება:

  • გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსი
  • საკვალიფიკაციო გამოცდა.

№696 ბრძანების საფუძველზე, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“, რომელიც ეხმარება საქართველოს ეკონომიკური მმართველობის განვითარების გაუმჯობესებაში, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას.

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სასწავლო კურსი შედგება შვიდი მოდულისგან:

  • გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის საფუძვლები (30 საათი, 6 სატრენინგო დღე);
  • სამეწარმეო სამართლის საფუძვლები (5 საათი, 1 სატრენინგო დღე);
  • საგადასახადო სამართლის საფუძვლები (10 საათი, 2 სატრენინგო დღე);
  • საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის საფუძვლები (5 საათი, 1 სატრენინგო დღე);
  • სახელშეკრულებო და შრომითი სამართლის საფუძვლები (5 საათი, 1 სატრენინგო დღე)
  • გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ზოგადი უნარ-ჩვევები (20 საათი, 4 სატრენინგო დღე);
  • პროფესიული ეთიკა (10 საათი, ორი სატრენინგო დღე).

სასწავლო კურსის მიზანი:

კურსის მიზანია მონაწილემ შეისწავლოს გადახდისუუნარობის სამართალის ძირითადი პრინციპები, თეორიული საფუძვლები და გადახდისუუნარობის პრობლემის გადაჭრის საკანონმდებლო მექანიზმები. აღნიშნული კურსი წარმოადგენს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მომზადებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის წარმატებითი გავლის წინაპირობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან რეესტრის წარმატებული კანდიდატებით დაკომპლექტებას.

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სასწავლო კურსის საფასური შეადგენს 1900 ლარს.

კურსის ხანგრძლივობა: 18 დღე, 85 საკონტაქტო საათი.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების პირობა:

პროგრამის მონაწილე ვალდებულია დაესწროს სასწავლო კურსის ფარგლებში სულ მცირე 75 საათს.

საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატი

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს 100 საგამოცდო კითხვას. თითოეული საგამოცდო კითხვის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. ტესტირების შედეგების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა. საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 75 და მეტი ქულის დაგროვების შემთხვევაში.

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.

კურსის აღწერა