სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფუნქციები და მიზნები
ცენტრის მიზნებია:
ა) საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის და ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების განხორციელებით;
ბ) სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა დაინტერესებული პირების ორგანიზაციული განვითარების, მართვისა და მომსახურების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა.
ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) სამინისტროს მიზნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სამინისტროში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში) სწავლების საჭიროებათა ანალიზის განხორციელება;
გ) სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის ორგანიზება;
დ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა, მათ შორის ნოტარიუსთა, ასევე სტაჟიორთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის განვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ინოვაციური პროექტების შემუშავება და დანერგვა; ვ) დისტანციური სწავლების მეთოდიკის მომზადება და განხორციელება;
ზ) სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსის ჩატარება იურიდიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშესაწყობად;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება;
ი) სასწავლო ხასიათის პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების, სწავლების სტანდარტების შემუშავება;
კ) ტრენერთა, ტრენინგის ექსპერტთა და ტრენერ-კონსულტანტთა შერჩევის, მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება;
ლ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;
მ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო ან/და სასწავლო დაწესებულებებთან, აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
ნ) თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო პროგრამების/პროექტების შემუშავება, ორგანიზება, განხორციელება და შეფასება;
ო) დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და განხორციელება;
პ) გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება (მათ შორის, ტესტური დავალებების შექმნა) და ჩატარება, პირის შეფასების ჩატარების უზრუნველყოფა სხვა სახის შეფასების სისტემების მიხედვით;
ჟ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა;
რ) ცენტრის განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
ს) ცენტრის ფარგლებში შემუშავებული ან/და განვითარებადი პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა, შეფასება და პროექტების შედეგებზე ანგარიშების მომზადება;
ტ) საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ფარგლებში სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სხვა სასწავლო ხასიათის პროგრამების ორგანიზება და განხორციელება, მათ შორის, ამ პროექტების (პროგრამების) ტექნიკური და ფინანსური დახმარებების კოორდინაცია;
უ) საზოგადოებისათვის ცენტრის საქმიანობის გაცნობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;
ფ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფუნქციების გარდა, ცენტრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დადოს სათანადო ხელშეკრულებები.