ტრენინგი

ტრენინგის მიზანი:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირს, რომლის შექმნის მიზანია სამოქალაქო ბრუნვისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა.

იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებაზე უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა სწორედ ამ უწყების მიერ მის აღიარებასა და რეგისტრაციას უკავშირდება, მრავალრიცხოვანია იმ მოქალაქეებისა და იურიდიული პირების რიგები, რომელთაც უფლების თუ ვალდებულების წარმოშობის ან მისი ცვლილების მიზნის მისაღწევად ესაჭიროებათ ამ სუბიექტის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სარეგისტრაციო პრაქტიკის ცოდნა.

ტრენინგის მიზანია, აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება და ამ გზით გაუმარტივოს მათ საჯარო რეესტრთან ურთიერთობა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესში. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ყველა აქტუალური იურიდიული საკითხი და გავრცელებული ხარვეზები, რაც მიზნის მიღწევაში უშლის ხელს დაინტერესებულ პირებს.

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები დამოუკიდებლად შეძლებენ ჩაერთონ საჯარო რეესტრში უფლების თუ ვალდებულების რეგისტრაციის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • საჯარო რეესტრის საქმიანობის სფეროს, საჯარო რეესტრის პროდუქტების და პროცედურების გაცნობა;
  • მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზოგადი მიმოხილვა;
  • რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები;
  • საქართველოში მიწაზე კერძო საკუთრების წარმოშობის უახლესი ისტორია, სახელმწიფოს მიერ მიწაზე უფლებების რეგისტრაციის მიზნით განხორციელებული სხვადასხვა სისტემური პროექტი;
  • მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის საკანონმდებლო რეგულირება;
  • უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოპოვებისა და დამუშავების წესი;
  • თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები;
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფორმა, შინაარსი და მისი შედგენის წესი;
  • რეესტრში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდისა და ელექტრონული სერვისების გაცნობა.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პრაქტიკოს იურისტებს,  საბანკო, მიკროსაფინანსო, საადვოკატო საქმიანობით დაკავებული იურიდიულ პირების წარმომადგენლებს, შესაბამის საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.  

ტრენინგის ხანგრძლივობა: 16 საკონტაქტო საათი.