სიახლეები

მხატვრული ნამუშევრების კონკურსი ფემიციდის თემაზე იწყება!

იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი,  UN WOMEN-ის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს მხატვრული ნამუშევრების კონკურსს, ფემიციდის თემაზე.

 

აღნიშნული პროექტი ეხმიანება ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, მათ შორის არსებული გამოწვევების აქტუალიზაციის საშუალებით.

 

კონკურსის მიზანია ფემიციდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს 16 წლის ასაკიდან, როგორც პროფესიონალ მხატვარს , ისე მოყვარულს. საკონკურსო ნამუშევრები უნდა შეიცავდეს გზავნილს ფემიციდის წინააღმდეგ (გზავნილი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც ფემიციდს უკავშირდება).

 

საკონკურსო ნამუშევრები შესაძლოა შესრულებული იყოს როგორც ხელით, ისე კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით. ამასთან, ერთმა ადამიანმა შესაძლოა, გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი:  ნახატი ან პოსტერი.

 

წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ერთი საუკეთესო აირჩევა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

 

-         ნამუშევრის შესაბამისობა თემატიკასთან -  ფემიციდის საკითხის ორიგინალური გამოხატვა;

-         პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან ნამუშევარი  კონკურსიდან;

-         კონკურსში მონაწილე პირი ვალდებულია საკუთარ ნამუშევარს თან დაურთოს ნამუშევრის აღწერილობა. (იხ. ფორმა) ნამუშევრის შინაარსი მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება  ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელიც UN WOMEN-ის მიერ დასაჩუქრდება  პლანშეტით.

 

ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი.

 

გთხოვთ, შევსებული ფორმა და  თქვენი ნაშრომები წარმოადგინოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: projects@tcj.gov.ge

 

ნამუშევრების წარმოდგენის ბოლოს ვადაა: 2023 წლის 20 იანვარი