სიახლეები

სპეციალიზაციის კურსი არასრულწოვანთა მართლმსაჯულებაში

იუსტიციის სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი კიდევ ერთი ჯგუფისთვის ჩატარდა.

ამჯერად სპეციალიზაციის კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და რეგიონების პრობაციის ოფიცრებმა, სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა გაიარეს.

მსმენელები გაეცნენ როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოში მოქმედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ კანონმდებლობას, ზოგად წესებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებსა და პრინციპებს.

კურსი 34-მა პირმა გაიარა. მონაწილეები გაეცნენ დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვის პროტოკოლს, მის სტრუქტურას და ფაზებს, ძალადობის ძირითად ფორმებს, ძალადობით გამოწვეული სტრესისა და ტრავმის გავლენას ბავშვის განვითარებაზე; ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფიზიკურ და ქცევით ინდიკატორებს და სხვა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში 2015 წლიდან ატარებს.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, დადგინდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე ყველა პირი კი ვალდებულია გაიაროს ტრენინგები შესაბამისი დადგენილებით გათვალისწინებულ ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ საკითხებზე.

დღემდე იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღნიშნული კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელ 153 პირს ჩაუტარა.