სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

კონკურსში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტმა - ეკატერინე სუბელიანმა გაიმარჯვა.
სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში“ იუსტიციის სამინისტრომ და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, UN Women-ის მხარდაჭერით განახორციელეს. აღნიშნული პროექტით მხარეები შეუერთდნენ 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა და მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალვრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
კონკურსი ხუთი ეტაპისგან შედგებოდა. საკონკურსო ესეების წარმოდგენამდე, პროექტის მონაწილეებისთვის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი ჩაატარეს, რის შემდეგაც მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრები წარმოადგინეს.
მთლიანობაში, პროექტში დარეგისტრირებული 79 მონაწილიდან საკონკურსო ნამუშევარი საქართველოში ავტორიზებული 13 სხვადასხვა უნივერსიტეტის 30-მა სტუდენტმა წარმოადგინა. წარმოდგენილი ესეებიდან, 5 საუკეთესო ესეს ავტორმა საკუთარი ნაშრომი 10 მარტს ონლაინ კონფერენციის ფორმატში წარადგინა. საბოლოოდ კი გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ეკატერინე სუბელიანი გახდა.
გამარჯვებულ სტუდენტს და ხუთ საუკეთესო ესეს ავტორს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.