სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მედიაციის თემაზე პირველი ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა.

 
ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიაციის არსის, მედიატორის როლის, მედიაციის პროცესის თავისებურებების უფრო ღრმად გაცნობას და მედიატორის უნარ-ჩვევების ათვისებას.
ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „მედიაცია და არბიტრაჟი დავების ეფექტიანი გადაწყვეტისათვის “ მენეჯერმა, ლიანა ქარცივაძემ.
ტრენინგს ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ჯამში 15 მონაწილე.
ტრენინგი UNDP -ს პროექტის „მედიაცია და არბიტრაჟი-დავების ეფექტიანი გადაწყვეტისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მედიაციის ინსტიტუტის, როგორც დავის გადაწყვეტის პროგრესული მექანიზმის პოპულარიზაციას. ასევე, მემორანდუმის მიზანია, საგანმანათლებლო, სასწავლო და სამართლებრივი კვლევების ჩატარება.
მედიაციის ინსტიტუტის მხარდაჭერა იუსტიციის სისტემისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. სწორედ იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით შემუშავდა და 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა სრულიად ახალი კანონი „მედიაციის შესახებ“. ახალმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა მედიატორის პროფესიის განვითარებას. ამ მიზნით, შეიქმნა მედიაციის სფეროში ძირითადი წესების დამდგენი მედიატორთა თვითრეგულირების ორგანო - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია. „მედიაციის შესახებ“ ახალმა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების საუკეთესო საშუალების, დამკვიდრებას და განვითარებას. სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მარტივი გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები.