სიახლეები

იმიტირებული სასამართლო პროცესი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე - გამარჯვებული გუნდი ცნობილია


იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა, სტუდენტებისთვის ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებული სასამართლო პროცესი განახორციელეს. პროექტით მხარეები შეუერთდნენ 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასკვნითი (ზეპირი) რაუნდი ონლაინ ფორმატში 28-29 ნოემბერს გაიმართა. ფინალში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი #012 და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი #103 მონაწილეობდნენ. გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ნიცა სირაძე, ნინო ცეცხლაძე, ნანუკა სიმონიშვილი, მარიამ გეწაძე და მარიამ ალასანია. ხოლო, ნომინაციაში საუკეთესო მოპასუხე მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა შემდეგი შემადგენლობით: თამარ ვარდიაშვილი, მარიამ ჩირგაძე, ლიკა აბესაძე, შალვა ქიტესაშვილი.

გარდა ამისა, შეჯიბრის წესების შესაბამისად, იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში საუკეთესო მომხსენებლისა და საუკეთესო მონაწილის ნომინაციებიც იყო განსაზღვრული. საუკეთესო მომხსენებლის ნომინაციაში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა მაგდანა ბაქრაძემ გაიმარჯვა. ხოლო, საუკეთესო მონაწილის სტატუსი ორ სტუდენტს მიენიჭა: ელენე ჭიკაიძეს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენდა და სოფიო ნადირაძეს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა.

პროექტის მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ აკადემიური დებატის წახალისება; სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ; ასევე სამართალწარმოების პროცესში წარმომადგენლობითი უნარ-ჩვევების განვითარებაა. გლობალური პანდემიის დროს საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

როგორც ცნობილია, იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში აკრედიტებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს.

პროექტი განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით. პროექტთან ასევე თანამშრომლობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი (GAU) და თსუ გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელობა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის პროექტების განხორციელებას.

#იმოქმედეძალადობისწინააღმდეგ
#ერთადძალადობისწინააღმდეგ