სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირება და ტრენინგები განახლდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირება და ტრენინგები განახლდა. ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციიდან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დახურულ სივრცეში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება შეჩერებული იყო და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან გახდა დასაშვები.
დახურულ სივრცეში ტრენინგების ჩატარების ნებართვა ორგანიზაციას იმ შემთხვევაში ეძლევა, თუკი ის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ცენტრმა გაიარა შემოწმება და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციისგან დადებითი დასკვნა მიიღო. დასკვნის საფუძველზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია რეკომენდაციების დაცვით შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა, მათ შორის, ტესტირების ორგანიზება და ტრენინგების ჩატარება.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად არის აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, მუდმივად მიმდინარეობს შენობაში შესული თანამშრომლების და ვიზიტორების თერმოსკრინინგი, აუდიტორიებში დაცულია უსაფრთხო დისტანცია.
ცენტრში ასევე განთავსებულია კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ვიზიტორისთვის.