სიახლეები

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველთა საბუთების მიღებას

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცებული „2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის“ (შემდგომ - შერჩევის წესი) შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განაცხადების მიღებას იწყებს.

განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა:

მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადი პირადად უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: administracia@tcj.gov.ge

განაცხადთან ერთად მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა:

ა) წარმოადგინოს ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae), როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად ან ფრანგულად მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სამოდელო ფორმატში;

ბ) ცალკე ფურცელზე წარმოადგინოს ახსნა, თუ როგორ აკმაყოფილებს შერჩევის წესის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, როგორც ქართულად ასევე ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ინგლისური ან ფრანგული);

გ) მიუთითოს, ჰააგის სასამართლოს რომელ სამუშაო ენაზე (ინგლისური ან ფრანგული) სურს საკონკურსო პროცედურების გავლა;

დ) მიუთითოს, „კატეგორია A“-ს (სისხლის სამართალი), თუ „კატეგორია B“-ს (საერთაშორისო სამართალი) ფარგლებში სურს საკონკურსო პროცედურების გავლა;

ე) განაცხადს დაურთოს მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები.

რომის სტატუტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილების შესაბამისად, ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს:

  • მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მქონე პირი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენას (ინგლისური ან ფრანგული).
  • საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. კანდიდატს აღნიშნული განათლება და გამოცდილება უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. კერძოდ, “A” კატეგორიის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სამართლის მაგისტრის ხარისხი, რომლის პროგრამაც მოიცავდა სისხლის სამართალს ან საერთაშორისო სისხლის სამართალს და სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლედ, პროკურორად, ადვოკატად ან სისხლის სამართალწარმოებაში სხვა მსგავსი ხასიათის საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. “B” კატეგორიის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სამართლის მაგისტრის ხარისხი, რომლის პროგრამაც მოიცავდა  საერთაშორისო საჯარო სამართალს (განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს) და საერთაშორისო სასამართლოებთან, ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სასამართლოებთან საერთაშორისო სისხლის სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომელიც კანდიდატებმა ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უნდა წერონ.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების დავალებას შეადგენს და კანდიდატის ნაწერს 10-ბალიანი სისტემით შეაფასებს სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული კონსულტანტი ან კონსულტანტები, რომლებსაც ექნებათ ჰააგის სასამართლოს სისტემაში ან სისხლის სამართლის ტრიბუნალში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. 

საუკეთესო შედეგების მქონე 5 კანდიდატი, რომლებსაც მიღებული ექნება არანაკლებ 6 ქულისა, წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც 2 საუკეთესო კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი კანდიდატებს მოუსმენს და კენჭს უყრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით − სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

ტესტირების თარიღისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ დანართები:

1. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილება;

2. ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) ფორმა ინგლისურ ენაზე;

3. ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) ფორმა ფრანგულ ენაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელექტრონული მისამართი: administracia@tcj.gov.ge

საკონტაქტო ტელეფონი: (032) 294 22 03,

საკონტაქტო პირი: თინათინ ცინარიძე