საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილებით დამტკიცებული „2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის“ (შემდგომ - შერჩევის წესი) შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განაცხადების მიღებას იწყებს.
განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა:
მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადი პირადად უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: administracia@tcj.gov.ge
განაცხადთან ერთად მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა:
ა) წარმოადგინოს ავტობიოგრაფია (Curriculum Vitae), როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად ან ფრანგულად მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სამოდელო ფორმატში;
ბ) ცალკე ფურცელზე წარმოადგინოს ახსნა, თუ როგორ აკმაყოფილებს შერჩევის წესის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, როგორც ქართულად ასევე ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ინგლისური ან ფრანგული);
გ) მიუთითოს, ჰააგის სასამართლოს რომელ სამუშაო ენაზე (ინგლისური ან ფრანგული) სურს საკონკურსო პროცედურების გავლა;
დ) მიუთითოს, „კატეგორია A“-ს (სისხლის სამართალი), თუ „კატეგორია B“-ს (საერთაშორისო სამართალი) ფარგლებში სურს საკონკურსო პროცედურების გავლა;
ე) განაცხადს დაურთოს მასში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები.
რომის სტატუტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილების შესაბამისად, ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი უნდა იყოს:
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომელიც კანდიდატებმა ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უნდა წერონ.
დამატებითი ინფორმაცია
ტესტირების დავალებას შეადგენს და კანდიდატის ნაწერს 10-ბალიანი სისტემით შეაფასებს სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული კონსულტანტი ან კონსულტანტები, რომლებსაც ექნებათ ჰააგის სასამართლოს სისტემაში ან სისხლის სამართლის ტრიბუნალში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
საუკეთესო შედეგების მქონე 5 კანდიდატი, რომლებსაც მიღებული ექნება არანაკლებ 6 ქულისა, წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც 2 საუკეთესო კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი კანდიდატებს მოუსმენს და კენჭს უყრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით − სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
ტესტირების თარიღისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართზე.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ დანართები:
1. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N59 დადგენილება;
2. ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) ფორმა ინგლისურ ენაზე;
3. ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) ფორმა ფრანგულ ენაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული მისამართი: administracia@tcj.gov.ge
საკონტაქტო ტელეფონი: (032) 294 22 03,
საკონტაქტო პირი: თინათინ ცინარიძე