სიახლეები

გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანის უფლებების თემაზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

 

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები − აღნიშნულ თემაზე ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გახსნეს.

შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის სისტემის თანამშრომლები ესწრებოდნენ, განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, უწყებათაშორისი საბჭოს მიღწევები, ხედვა და სამომავლო გეგმები; იმსჯელეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

გოჩა ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე ადამიანის უფლებების სტრატეგიის განხორციელების კონტექსტში. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა როლი აქვს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის განვითარებას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა პოლიტიკასა და სტრატეგიას გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.

პროექტის ორგანიზატორები არიან იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდამჭერით განხორციელდა.