სიახლეები

სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდება შშმ პირთათვის - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ტრენერები გადაამზადა

 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჟესტურ ენაში იუსტიციის სახლის ტრენერები გადაამზადა.
 
ტრენინგს ესწრებოდა ჟესტური ენის 15 ტრენერი, რომლებიც სხვდასხვა ქალაქებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ჩაატარებენ სატრენინგო კურსს „ჟესტური ენა მომხმარებელთა მომსახურების პროცესში“. კურსის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა გადამზადება ჟესტურ ენაში, რათა მათ მომსახურების პროცესში საბაზისო დონეზე შეძლონ კომუნიკაცია ყრუ და სმენის დაქვეითების მქონე პირებთან.
 
სატრენინგო კურსი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ჩატარდა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს ყრუთა კავშირის ჩართულობით ახორციელებს.
 
როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით პირველი სერვისი 2018 წლის 14 ნოემბერს გაიცა. მაშინ ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი ამოქმედდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში. აღნიშნული განხორციელდა პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 750 თანამშრომელი გადაამზადა.