სიახლეები

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადაეცათ

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადასცა.

ქართული ენის სწავლების კურსი სადახლოსა და იორმუღანლოში მცხოვრებმა 36-მა აზერბაიჯანულენოვანმა მოქალაქემ გაიარა, დღეს კი, მათ ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, რომელთაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექსკლუზიურად გასცემს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ ქართული ენის კურსებს 2015 წლიდან ატარებს. სწავლების მიზანია, ენობრივი ბარიერების შემცირებით ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, გააუმჯობესოს მათ მიერ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და დასაქმებაში.

ქართული ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობა 17-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს მიეცათ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებში ძალიან მაღალი ენთუზიაზმი გამოიწვია ქართული ენის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობამ, რადგან მისი წარდგენა მათ შეუძლიათ პოტენციურ დამსაქმებელთან ენის ფლობის დონის დადასტურების მიზნით.

სწავლების საწყის ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი პრეტესტი, მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი, შეირჩა შესაბამისი სახელმძღვანელო, რომლითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები წარმართავდნენ მეცადინეობებს.

სერტიფიკატების გადაცემა თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოხდა. ღონისძიებას სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, სწავლება სადახლოსა და იორმუღანლოში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობდა. 2015 წლიდან ენის კურსი 256-მა მონაწილემ გაიარა შემდეგ სოფლებში: სადახლო, იორმუღანლო, სართიჭალა, ყვარელწყალი, კაზრეთი, კაბალი და ფოკა.