სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტი გუნდები ცნობილია

 

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრი 2019 მიმდინარეობს. შეჯიბრში მონაწილეებმა ლექციების კურსი, შესაბამისი ტესტირება და გასაუბრების ეტაპი გაიარეს. უკვე გამოვლინდა ის 6 გუნდი, რომელიც ყვარელში შეჯიბრის დასკვნით ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.  ფინალში გადასული გუნდების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მონაწილეებმა ხუთი ეტაპი გაიარეს. I ეტაპზე მონაწილეებმა განაცხადის ფორმები გამოაგზავნეს, II ეტაპზე ჩატარდა ლექციები შერჩეული გუნდებისთვის, III ეტაპზე გაიმართა ტესტირება საუკეთესო გუნდების გამოსავლენად, IV ეტაპზე გასაუბრების შედეგად გამოვლინდა 6 საუკეთესო გუნდი. ბოლოს კი ექვსი საუკეთესო გუნდიდან გამარჯვებული გამოვლინდება. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2019 წლის 14-16 ივნისს.

პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა. გამოვლინდება ფინალში გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მომხსენებელი.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. 2019 წლის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრი ეძღვნება ჟენევის კონვენციების 70-ე წლისთავს.