სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გაიმარჯვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ვახტანგ ნოღაიდელმა ნაშრომით - „ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ასპექტები“. იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გამარჯვებულ სტუდენტს და კონკურსში მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შესახებ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღნიშნული კონკურსი გასული წლის ბოლოს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში გამოაცხადა. სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ, სამოტივაციო წერილის საფუძველზე, 20 სტუდენტი შეირჩა, რომლებმაც ტრენინგების კვირეული გაიარეს. საბოლოოდ, ფინალურ რაუნდზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი გადავიდა. მათგან საუკეთესო კი სიმბოლური საჩუქრით და სერტიფიკატით დაჯილდოვდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსელებს.

პროექტი განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. იუსტიციის სასწავლო ცენტრი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას.