სიახლეები

საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სამართლის სკოლა დასრულდა

 
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ზამთრის სამართლის სკოლას უმასპინძლა. „ევროპული და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი“ - ერთკვირიანი სწავლება აღნიშნულ თემას მიეძღვნა. პროექტში 40 მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მონაწილეობდა.
 
სწავლების ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექციები. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ სამართლის დარგის გამოცდილი სპეციალისტები, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნის წარჩინებულ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. პროექტის მონაწილეები ეწვივნენ იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ასევე, უზენაეს სასამართლოს.
 
იუსტიციის სამინისტროში სტუდენტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა უმასპინძლეს. მათ სტუდენტებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო სასამართლოებში წარმართულ სახელმწიფოთაშორის დავებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, საქართველოს მიღწევებს სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროსა და ევროინტეგრაციის პროცესში.
 
სტუდენტები საქართველოში ევროპის 11 ქვეყანას (ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, გერმანია, დანია, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი) წარმოადგენდენ. ზამთრის საერთაშორისო სამართლის სკოლა თბილისში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) მიერ იყო ორგანიზებული. პროექტის აკადემიური ნაწილის მხარდამჭერი იუსტიციის სასწავლო ცენტრია.