სიახლეები

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრი სტუდენტებისთვის დასრულდა. ეროვნული შეჯიბრის ფინალს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. პროექტის გამარჯვებულები გახდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის N 010 გუნდის სტუდენტები თინათინ ობოლაძე, კონსტანტინე კოპალიანი და თამარ რუსეიშვილი. გამარჯვებულები ორგანიზატორების მიერ დაჯილდოვდნენ.

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალურ რაუნდზე სტუდენტებმა სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გამართეს.

საუკეთესო მომხსენებლად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, კონსტანტინე კოპალიანი დასახელდა, ხოლო ჟიურის რჩეული ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი დავით ჯავახიშვილი გახდა.

შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებს მოუწიათ 3 საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია. პროექტი ინგლისურ ენაზე წარიმართა და ის მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრში მონაწილე გუნდები შედგებოდნენ სამი წევრისგან. ეროვნული შეჯიბრის ფინალამდე აპლიკანტებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუხდათ - სტუდენტებმა ჯერ ტესტირება გაიარეს, ხოლო წარმატებულმა გუნდებმა მოამზადეს წერილობითი პოზიციები.

პროექტში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფინალური რაუნდის მხარდამჭერია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება საქართველოში".