სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრი 2018 მიმდინარეობს. შეჯიბრში მონაწილეებმა ლექციების კურსი  და შესაბამისი ტესტირება უკვე გაიარეს. შედეგების ნახვა შესაძლებალია ბმულზე

მონაწილეებს 5 ეტაპის გავლა უწევთ. I ეტაპზე მოხდა აპლიკაციების მიღება, II ეტაპზე ჩატარდა ლექციები შერჩეული გუნდებისთვის, III ეტაპზე გაიმართა ტესტირება საუკეთესო გუნდების გამოსავლენად, IV ეტაპზე გასაუბრების შედეგად გამოვლინდება 6 საუკეთესო გუნდი. ბოლოს კი ექვსი საუკეთესო გუნდიდან გამარჯვებული გამოვლინდება.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა. გამოვლინდება ფინალში გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მომხსენებელი. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2018 წლის 8-10 ივნისს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში უკვე მეშვიდედ ატარებს.