სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო


საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრი 2018 გაიმართება. დღეიდან 22 აპრილის ჩათვლით შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აპლიკაციები შემდეგ მისამართზე: IHL@tcj.gov.ge განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა კი შესაძლებელია მისამართიდან: http://tcj.gov.ge/ka/news/434/ .

აღსანიშნავია, რომ დღეიდანვე იუსტიციის სასწავლო ცენტრი თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას იწყებს. სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან პროექტს და მიიღებენ ინფორმაციას თუ რა კრიტერიუმებია საჭირო ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობისთვის.
დღეს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების გუნდს. ასევე, მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან.

მონაწილეებს 5 ეტაპის გავლა მოუწევთ. I ეტაპზე მოხდება აპლიკაციების მიღება, II ეტაპზე ჩატარდება ლექციები შერჩეული გუნდებისთვის, III ეტაპზე იქნება ტესტირება საუკეთესო გუნდების გამოსავლენად, IV ეტაპზე გასაუბრების შედეგად გამოვლინდება 6 საუკეთესო გუნდი. ბოლოს კი ექვსი საუკეთესო გუნდიდან გამარჯვებული გამოვლინდება. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2018 წლის 8-10 ივნისს. შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა. გამოვლინდება ფინალში გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მომხსენებელი. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში უკვე მეშვიდედ ატარებს.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.