სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადახდისუუნარობის მენეჯმენტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ გადახდისუუნარობის მენეჯმენტის შესახებ ტრენინგკურსი გახსნეს.

კურსს ადგილობრივ ტრენერებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც უძღვებოდნენ. ტრენინგზე გადახდისუუნარობის სამართლებრივი რეგულირების საკითხების ნაწილში გერმანიისა და ევროკავშირის სამართლის უცხოელმა ექსპერტებმა მონაწილეებს პრაქტიკული საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

ტრენინგკურსი განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც მონაწილეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში. ტრენინგს დაესწრნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, მოსამართლეები და ადვოკატები. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 
გადახდისუუნარობის სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით 2016 წლიდან იუსტიციის სამინისტრომ გადახდისუუნარობის რეფორმირებაზე მუშაობა დაიწყო. საკანონმდებლო სიახლეებთან ერთად საჭიროა აღნიშნულ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების მქონე პროფესიონალების იდენტიფიცირება და მათი მომზადება. 
გადახდისუუნარობის მენეჯმენტის ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ − გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამა“ ახორციელებს.

ინფორმაციისთვის:
გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის უუნარობას, გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების საფუძველი.