სიახლეები

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

 

30 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა  ტრეფიკინგის თემაზე მომზადებული ტრენინგების კვირეულის გახსნა.

2017 წლის 30 ივლისს ჭალადიდის, ორსანტიის, ლაჯანასა და ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდა ტრენინგები თემაზე “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“. ჯამში ტრეფინკინგის შესახებ ცნობიერება 40 მოქალაქეს აუმაღლდა.

კვირეული ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, 2017 წლის 31 ივლისს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. 

კვირეულის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე. მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული გრძელდება და ტრენინგები სხვა საზოგადოებრივ ცენტრებშიც ჩატარდება.