სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ტრენინგები გამართა.

2017 წლის 27-28 ივნისს, ასევე ამავე წლის 6-7 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის   მხარდაჭერით ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის ტრენინგები გამართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მათთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაცნობას.

ტრენინგის განმავლობაში ყურადღება ისეთ თემებს დაეთმო, როგორებიცაა საქართველოს საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ვალდებულებები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებში. 

ინიციატივა პირდაპირ პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას, აღმოფხვრასა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეფექტური მექანიზმების შექმნას. 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი,  გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მომავალში გეგმავს გურიაში სერვისის მიმწოდებელთა მხარდაჭერას, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის.