სიახლეები

ანტინარკოტიკული კვირეული 2017 –ერთობლივი სირბილი ლისის ტბაზე

  ანტინარკოტიკული კვირეული 2017 –ერთობლივი სირბილი ლისის ტბაზე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1987 წლის 7 დეკემბრის 42/112 რეზოლუციით 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.


  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი), საქართველოს იუსტიციის სასწავლოცენტრთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად უერთდება გაეროს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას ანტინარკოტიკული კვირეულის სახით. 
ანტინარკოტიკული კვირეულის მიზანია, ახალგაზრდებისათვის (სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისათვის) ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის გაცნობა და ნარკოტიკების მოხმარებით უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით, ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებული გამოწვევების შეფასება, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა და პოლიტიკის შემდგომ დახვეწა. საქართველოს 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ნარკოდანაშაულისა და ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 


️  ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მეექვსე დღე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დაეთმო - განხორციელდა ერთობლივი სირბილი ლისის ტბაზე. რბენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლებმა. 
რბენის დასრულების შემდეგ, გამოვლინდა I, II და III საპრიზო ადგილის გამარჯვებული, რომლებიც დააჯილდოვა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა კასრაძემ. 


️  პირველი ადგილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა - ბაჩანა ვასაძემ დაიკავა, ხოლო, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები - ნინო ხინჩაგაშვილი და ელენე ბაქრაძე.