სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალური რაუნდი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ინიციატივით, 2017 წლის 2 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალური რაუნდი გაიმართა. სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. 

️ფინალისტებს სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცათ. პროექტის საუკეთესო მონაწილე სტაჟირებას დაიწყებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

️გამარჯვებული გუნდი სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საკონკურსოდ მომზადებაში სტუდენტებს იუსტიციის სამინისტრო დაეხმარება, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში კი, მათი მონაწილეობის ხარჯებს „ELSA საქართველო“ დაფარავს.

გოჩა ლორთქიფანიძის გარდა, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

️ კონკურსის მიზანი ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობით მომავალი იურისტების დაინტერესებაა. კონკურსი 1 მაისს გამოაცხადდა, მასში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მა გუნდმა გამოთქვა, რაც, ჯამში, 120 სტუდენტს შეადგენდა.

2 ივლისს თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ ფინალურ რაუნდში, მონაწილეობას იღებდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი N022 და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი N004. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი გუნდი N004 გახდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო შემდეგი სტუდენტებისაგან: ლაშა ჯუღელი, მარიამ ორჟონია, თეიმურაზ სვანიძე.

საუკეთესო სპიკერებად გამოცხადდნენ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი სტუდენტები: გიორგი ბაიძე და რევაზ ტყემალაძე. 

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და „ELSA საქართველოს“ ინიციატივით ხორციელდება, რომელიც ყოველწლიურად ჩატარდება.