სიახლეები

მიწის საპილოტე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგი

 

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას.

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №351 დადგენილებით განსაზღვრულ  11 საპილოტო არეალში, რომლებიც შედგება 12 დასახლებული პუნქტისაგან: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი), ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი),არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).

2016 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს საპილოტო პროექტის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.

კანონში წარმოდგენილი ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემური საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: დაურეგისტრირებელი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მათი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა,  სასაზღვრო მიჯნასთან ან/და ზედდებასთან დაკავშირებული დავები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების არარსებობა ან/და დოკუმენტში არსებული ხარვეზები, შეუსაბამობები ფაქტობრივ მდგომარეობასა და დოკუმენტებს შორის, ფორმის დაუცველად დადებული გარიგებები.

ზემოაღნიშნული კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მიენიჭათ მიწაზე საკუთრების უფლების დადგენისა და რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ხდება.

საპილოტო პროექტში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს განსაკუთრებული როლი აქვთ, ამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაცია, საკანონმდებლო სიახლეების ცოდნა, აგრეთვე, დელეგირებული უფლებამოსილების განმსაზღვრელი საკანონმდებლო რეგულაციის სწორი განმარტება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ პირების აღჭურვა სათანადო ცოდნითა და უნარებით, რათა მაღალკვალიფიციურად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები და შეძლონ მოქალაქეთა სრულფასოვანი მომსახურება.

აღნიშნული საჭიროების გათვალისწინებით და ქვეყანაში მიმდინარე მიწის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „„იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით დაიგეგმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ტრენინგი.

ტრენინგის მიზანია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს განემარტოთ საპილოტო პროექტის ფარგლებში მათი უფლება-მოვალეობები, შესრულების წესი, ფორმა, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისა და მათი საქმიანობის პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტრენინგების ორგანიზებაზე პასუხიმგებელ პირს, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ იურიდიული ტრენინგების სამსახურის უფროსის, მოვალეობის შემსრულებელს ნათელა თოფურიას  (ტელ: 032 2942229 მობ: 599 24 26 83 ელ. ფოსტის მისამართი: ntophuria@tcj.gov.ge )