სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის ფინალი

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად ახორციელებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას.

2017 წლის 27 აპრილიდან 11 მაისამდე, განხორციელდა ინტენსიური ლექციების კურსი თბილისის,  ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი 17 გუნდისათვის, 51 მსმენელისათვის.

2017 წლის 11 მაისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრირებით, განხორციელდა ტესტირება, ფინალური რაუნდის მონაწილეთა გამოსავლენად. ტესტირების შედეგების შესაბამისად, ჩაინიშნა დამატებითი ეტაპი გასაუბრების სახით, რომლის ფარგლებშიც, გამოვლინდა დასკვნით ეტაპში მონაწილე 6 საუკეთესო გუნდი - 18 მონაწილე.

2017 წლის 2-4 ივნისს, ყვარლის სასწავლო ცენტრში განხორციელდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის ფინალური რაუნდი. შეჯიბრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სალომე შუბლაძემ, ანა ცქიფურიშვილმა და ხატიჯე აიქალმა გაიმარჯვეს. საუკეთესო მომხსენებლად კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, დავით კვიტინი დასახელდა.

პროექტის ხარჯები სრულად დაფარა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა.