სიახლეები

საჯარო შეხვედრა სამართლის სტუდენტებისათვის, თემაზე „თანამედროვე იურისტის როლი ადამიანის უფლებების სტრატეგიის საფუძვლებზე“

2017 წლის 03 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე, შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან, სადაც მსჯელობა გაიმართება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, თანამედროვე იურისტის როლზე, იურისტის ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობაზე. აღნიშნული ღონისძიება ეხმიანება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 წლისთავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020 წწ.) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა 2013 წლიდან და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა 2014 წლის 30 აპრილს. აღნიშნული დოკუმენტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გატარება სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში.  

„საქართველოს კონსტიტუციით“ გარანტირებული თანასწორობის უფლების ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანლობით შემუშავდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2014 წლის 02 მაისს. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვას დისკრიმინაციისაგან, რასის, კანის ფერის, ენობრივი კუთვნილების, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმომავლობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.

საჯარო შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 3 მაისს, 13:00 საათზე,  იუსტიციის სახლში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ  საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა, არაუგვიანეს, 2 მაისს, 18:00 საათამდე.

წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე შეირჩევა 45 სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

(+995 558) 99 58 39

mgeletashvili@tcj.gov.ge

 

გისურვებთ წარმატებას!