სიახლეები

საკვირაო სემინარი პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

2016 წლის 19-20 ნოემბერს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, ორდღიანი სემინარი განხორციელდა. მისი მთავარი მიზანი, სამართლის სფეროში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით, პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე, მეცნიერული და საჯარო დისკუსიის წახალისებაა. 

საკვირაო სემინარებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, სამართლის 25 ლექტორმა. სემინარში ჩაერთვნენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების უნივერსიტეტების ლექტორები, სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის სფეროს სპეციალისტები. 

მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილებასა და პრაქტიკაზე, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე. ასევე, განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ურთიერთმიმართება სხვა უფლებებებთან. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, ევროპაში მიმდინარე მონაცემთა დაცვის რეფორმასთან დაკავშირებით.

საკვირაო სემინარები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით ჩაატარა. მონაწილეები სპეციალურმა კომისიამ ღია კონკურსის წესით შეარჩია.