სიახლეები

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი 2016 დასრულდა.

 

სტუდენტური პროექტის გამარჯვებულები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები გახდნენ. მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ,  გოჩა ლორთქიფანიძემ სერტიფიკატები და სამართლებრივი ლიტერატურა გადასცა. სერტიფიკატები ასევე პროექტის ფინალისტებს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებსაც გადაეცათ.

პროექტის მიზანად ისახავდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო საქმიანობის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და სტუდენტებში საქართველოს ევროპული არჩევანის პოპულარიზაციას.

მეორე ეტაპზე, ოთხი საუკეთესო გუნდი შეირჩა. ნახევარფინალი 17 მაისს ჩატარდა, რომელმაც ორ საუკეთესო გუნდი გამოავლინა, 18 მაისს კი, ფინალში გამარჯვებული ჯგუფი გამოვლინდა.

ფინალში გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარმოდგენილმა გუნდმა, სახელწოდებით - „ოცდამეცხრე“, მეორე ადგილზე კი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები გავიდნენ.

სპეციალური საჩუქრები გადაეცათ, როგორც მონაწილე, ისე გამარჯვებულ გუნდებს. პროექტის ყველა ბენეფიციარმა  შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ფინალში გასული გუნდებისათვის კი მოეწყობა ერთდღიანი ვიზიტი იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტში.

პროგრამაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისაგან შემდგარი ჯგუფები.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს დაეგზავნათ კაზუსები, რომლებიც სპეციალურად კონკურსისათვის იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტმა მოამზადა. სტუდენტებს, ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო მიეცათ კაზუსის დასამუშავებლად. პირველ მაისს თავიანთი სამართლებრივი პოზიცია კონკურსანტებმა წერილობით  წარმოადგინეს.

პროგრამა „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი 2016“-ის პარტნიორები არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭო და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.