სიახლეები

ქეთევან მოლაშვილ

 

დაიბადა 1991 წლის 3 აგვისტოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში. 2009 წელს დაამთავრა საქობოს საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. პირველად სპეციალობად დამთავრებული აქვს სოციოლოგია, მეორად სპეციალობად - პოლიტიკის მეცნიერებები. უნივერსიტეტში სწავლის დროს, 2012 წელს, მეგობრებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative”, რომლის მეშვეობითაც განახორციელა არაერთი კულტურული, ახალგაზრდული თუ პოლიტიკური პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში. უნივერსიტეტში სწავლის დროს აგრეთვე მუშაობდა ინტერვიუერად  „ფსიქოპროექტსა“ და CSS-ში. ამავე პერიოდში იყო სხვადასხვა ტრენინგებისა თუ გაცვლითი პროექტების მონაწილე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებაზე, სადაც სწავლობს დღემდე.

 

  • როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“ ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს პროექტი მჭირდებოდა, გამომადგებოდა, ჩემი მიღებული ცოდნა კი სხვებსაც გამოადგებოდათ.
  • სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ ძალიან მიყვარს სწავლა. იმითაც, რომ როდესაც რაღაცის გაკეთებას დავისახავ მიზნად, დარწმუნებული ვარ რომ გამომივა, უფრო მეტიც, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა გამოვიდეს. კიდევ მჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა მარტო არ ხარ და გუნდი გყავს. როგორც ხედავთ, არ ვარ სხვებისგან დიდად გამორჩეული, უბრალოდ საკუთარი მიზნები მაქვს ცხოვრებაში და ვიცი, რომ მიზნები მიღწევადია, სულ ესაა.
  • ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომვარ წნორიდან, ქიზიყიდან და ძალიან მეამაყება. ყოველთვის გული მწყდება, როდესაც საკუთარ წარმომავლობას მალავენ, რადგან რეგიონებიდან არიან. იამაყეთ თქვენი წარმომავლობით, თქვენი სოფლებით, თქვენი მიწა-წყლით.
  • ჩემი ცხოვრების დევიზია:„აწყმო თუ არა გწყალობს, იმოქმედე!“.  „შეუძლებელი არაფერია, თუ რეალურია“.
  • ის რაც შთამაგონებს  არის წიგნები, დოსტოევსკის, ყაზბეგის, ჰიუგოს, ხანდახან ზოლას და კიდევ ბევრი სხვა წიგნი.
  • ჩემი მომავლის კონცეფცია არის მომავალი ერთი წლის კონცეფცია, რადგან „მომავალში“ ნებისმიერი დრო შეიძლება ვიგულისხმოთ, ეს კი შორს წაგვიყვანს:  მომავალ ერთ წელში ვაპირებ პროექტ „50 საჯარო მოხელედან“ იმ სრული უნარების და ცოდნის წაღებას, რასაც ის მოგვცემს, ამასთან, უნივერსიტეტში ცოდნის გაღრმავებას, რადგან უნივერსიტეტიც სწორედ საჯარო მმართველობას მასწავლის და არ მინდა, ზერელედ ვისწავლო, წნორში პატარ-პატარა პროექტების განხორციელებასაც. რეგიონების გამოცოცხლება ერთ-ერთი ჩემი მიზანია.
  • 5 წლის შემდეგ მე ვიქნები ...  არ ვამბობ იმას, რაშიც 100 %-ით დარწმუნებული არ ვარ, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით სად ვიქნები, თუმცა ჩემი დიდი სურვილი და მიზანია, საჯარო სამსახურში, ხალხის სამსახურში ვიყო 5 წლის შემდგომ. ამის კი იმდენად მჯერა და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიქნები კიდეც, მაგრამ რადგან ზუსტად არ ვიცი სად და როგორ ვიქნები, ვერ გეტყვით.