სიახლეები

თინათინ ჯაჭვაძე

დაიბადა 1991 წელს, ქ. თბილისში. მიღებული აქვს განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2015 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. 2013 წელს დაიმსახურა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სტიპენდია. სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებში, როგორებიცაა დებატები, კონფერენციები და იმიტირებული სასამართლო/სააბიტრაჟო პროცესები.

2012-2014 წლებში აქტიურად იყო ჩართული ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. ამასთან, ორგანიზაციებში წევრობისას, იყო სხვადასხვა მასშტაბური პროექტების ორგანიზატორი.

ასევე, მეცნიერული/კვლევითი კუთხით, მონაწილეობდა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის რარიტეტული გამოცემების ჯგუფში. არის რამდენიმე სამართლის წიგნის რედაქტორი. ამავდროულად, აქვს თითქმის ორწლიანი სამუშაო გამოცდილება - თავდაპირველად იუსტიციის სახლში, ხოლო შემდგომ იურიდიულ კომპანიაში - “ენ ელ ეს“, უმცროს იურისტად. იურიდიულ კომპანიაში მუშაობისას, იყო კომპანია “თიბისი ფეი”-ს იურისტი.

ამჟამად, არის იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტის “50 საჯარო მოხელე”-ს მონაწილე.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი. ერთი მხრივ, ეს სიხარული განპირობებული იყო იმით, რომ გავხდი ერთ-ერთი რჩეული 50-დან. ხოლო, მეორე მხრივ, გავაცნობიერე, თუ რა მელოდებოდა წინ, რამაც პასუხისმგებლობა შემმატა.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე მაქვს მომავლის პოზიტიური ხედვის უნარი. ეს თვისება მაძლიერებს და მმატებს საკუთარი თავის რწმენას, რადგან მჯერა, რომ სიკეთე და პოზიტივი ამოძრავებს მთელ სამყაროს. ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის მეხმარება წარმატების მიღწევაში.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ ჩემთვის უზენაესი ღირებულებებია გულწრფელობა და სამართლიანობა.

ჩემი ცხოვრები სდევიზია: “ღმერთო, მომეცი მოთმინება, რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა, რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.” - კურტ ვონეგუტი.

ის რაც შთამაგონებს არის ხელოვნება, მთელი მისი სისავსით და ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით არიან.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის ისეთი საჯარო სამსახურის არსებობა, რომლის თითოეული პროფესიონალი წევრი გააცნობიერებს თავის როლს და პასუხისმგებლობას. ეს იქნება საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტი და საყრდენი მთელი სახელმწიფოსთვის, განაგრძოს დემოკრატიული სვლა და დაიმკვიდროს სრულუფლებიანი წევრის ადგილი ევროპულ თანამეგობრობაში.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საფუძველი აქვს ჩაყრილი მისივე მომავლის კონცეფციის განხორციელებაში. ვიმუშავებ იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტემენტში, რითაც დავეხმარები სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.