სიახლეები

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა

იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, რომელიც ყვარელწყალის, კაბალისა და სართიჭალის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით ხორციელდებოდა, დასრულდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ, ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებაში მონაწილეობდა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, აგრეთვე, პროგრამის 60-მდე ბენეფიციარი.

ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა. მასში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობდა. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებოდნენ, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რამაც ენის შესწავლა უფრო ადვილი და სახალისო გახადა.

იხილეთ ვიდეო