Latest news

საკვირაო სემინარები თემაზე: -"პერსონალურ მონაცემთა დაცვა"

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს ერთობლივი პროგრამის და ევროკავშირის მხარდაჭერით "ადამიანის უფლებები ყველასათვის" პროექტის ფარგლებში, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარებზე, რომელიც განკუთვნილია სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის. საკვირაო სემინარები გაიმართება იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ქ. ყვარელში - 2016 წლის 19-20 და 26-27 ნოემბერს.

1. პირველი ჯგუფი - 2016 წლის 19-20 ნოემბერს დაგეგმილი საკვირაო სემინარი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, კერძოდ სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკადემიურ საქმიანობას ეწევიან შემდეგ დისციპლინებში: სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და სისხლის სამართალი.


2. მეორე ჯგუფი - 2016 წლის 26-27 ნოემბერს დაგეგმილი საკვირაო სემინარი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, კერძოდ სამართლის დარგში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც აკადემიურ საქმიანობას ეწევიან შემდეგ დისციპლინებში: ევროკავშირის სამართალი, იძულებით ადგილნაცვალთა და ლტოლვილთა სამართალი, საჯარო ადმინისტრირება, საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, პრეცედენტული სამართალი და მედია სამართალი. 

რას მივიღებ კურსის გავლით:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკვირაო სემინარის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონცეფცია და ძირითადი პრინციპები, გაეცნობიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სისტემას, რაც მათ სასწავლო, სამეცნიერო, კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

მონაწილეების შერჩევა:

** 2-დღიანი საკვირაო სემინარის მონაწილეები სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა.
** კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
** საკვირაო სემინარში მონაწილეობა უფასოა.

სემინარში მონაწილეობის, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებები ყველასათვის".

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@pdp.ge სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი, თუ რატომ გსურთ საკვირაო სემინარში მონაწილეობა და როგორ დანერგავთ მას თქვენს სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას. გამოგზავნილი დოკუმენტები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. (საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის #7, 0105 ტელ: +995 32 242 1000 ვებგვერდი: http://www.personaldata.ge). გთხოვთ, წერილში მიუთითოთ რომელ ჯგუფში (მაგ. პირველი ჯგუფი) გსურთ მონაწილეობის მიღება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1 ნოემბერი.